გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობის პრობლემებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც მოსახლეობამ შეხვედრაზე განაცხადა, მათი ძირითადი პრობლემა სასმელ წყალს უკავშირდება.

“წყალს ვერ დალევ,დაბინძურებულია. დაბურღული ჭებიდან ვეზიდებით დასალევ წყალს და ძალიან გვიჭირს, სარწყავ წყალს კიდევ კალაპოტი არ აქვს და გზა დაანგრია,ეს პრობლემაც მოსაწესრიგებელია,“-აღნიშნა სოფელ კალაურის მკვიდრმა,ნუგზარ ჯანიაშვილმა.

სასმელი წყლის საკითხი რომ რეგიონისთვის პრობლემას წარმოადგენს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმაც აღნიშნა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,პრობლემის მოგვარებისთვის გარკვეული ნაბიჯები იდგმება.

“ვაჩნაძიანის მაგალითზე გეტყვით,რომ ხდება დამატებითი ჭაბურღილის დამატება,არსებული ჭაბურღილების შერემონტება, ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები,რომ წყალი მოსახლეობამ სრულყოფილად მიიღოს,ამავდროულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც ინტენსიურად მიმდინარეობს“-განმარტა ქადაგიშვილმა.

გარდა სასმელი წყლის საკითხისა, გურჯაანის 4 სოფლის, კახიფარის,ვაჩნაძიანის,კალაურის და შაშიანის  მოსახლეობას, სარწყავი წყლის, ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც აწუხებთ.

“ჩვენთვის აუცილებელია სარწყავი სისტემის მოწესრიგება.ჩემს მაგალითზე თუ გეტყვით,წელს ძალიან დავზარალდით,არ იყო სარწყავი წყალი და გვალვამ მოსავალზე ცუდი გავლენა მოახდინა,რაც ჩვენს ოჯახზე და ეკონომიურ პირობებზეც აისახა,“ – განმარტა ვაჩნაძიანის მაცხოვრებელმა,მარინა ცაცაბაშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა,აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ სოფლის მოსახლეობასთან ღია შეხვედრები,არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია.

“მოსახლეობის მოთხოვნები განიხილება და შეძლებისდაგვარად ასახული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში. ასეთ სახის კომუნიკაცია აუცილებელია მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის“-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრები,რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან მართავენ, არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდგომში, ამ პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება.

კახეთს რეგიონში ღია სახის შეხვედრები ივლისის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები