“ეს არის ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივება“ – მესტიაში მიხეილ ხერგიანის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში “კლდის ვეფხვად“ წოდებული ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი, მეკლდეურობაში, მიმდინარეობს.

ტურნირის მეორე დღეს, შეჯიბრი სწრაფ ცოცვაში ხელოვნურ კლდეზე მულახის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

სწრაფ ცოცვაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი – ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჯანხოთელმა არავის დაუთმო და მე-7 წამზე გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილი კი, გოგონებს შორის – ნიცა თვაურმა დაიკავა.

26 ოქტომბერს, ტურნირის მესამე დღეს მონაწილეები ერთმანეთს, ინდივიდუალურ ცოცვაში ჭალაადის ბუნებრივ კლდეზე შეეჯიბრებიან.

27 ოქტომბერს კი ტურნირი, რთული ცოცვის სახეობაში შეჯიბრით დასრულდება.

მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი საქართველოში 30 წელზე მეტია ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპორტსმენები იღებენ. წლევანდელ ტურნირში მონაწილე უცხოელი გუნდი მხოლოდ, უკრაინიდან იყო წარმოდგენილი. ტურნირს ყოველ წელს მიხეილ ხერგიანის და, ნაზო ხერგიანი ესწრება და მისი განცხადებით, ეს მას სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

“საქართველო გმირების სამშობლოა და მიხარია, რომ ამდენი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების განვითარებას. მიშას სახელობის ტურნირს ყოველ წელს ვესწრები და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გმირი შვილი ყავს ამ კუთხეს – ულამაზეს სვანეთს. მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის და ეს არის ყველაფერი, რომ არ ვივიწყებთ მათ, რაც არის ჩვენი სიცოცხლის გაგრძელება და სიამაყე,” – აღნიშნა მიხეილ ხერგიანის დამ.

​ქართვლი ალპინისტი მსოფლიოში “კლდის ვეფხვის” სახელით ცნობილი,  მიხეილ ხერგიანი 1969 წლის 4 ივლისს 34 წლის ასაკში, დოლომიტის ალპებში (იტალია) მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები