„შესაძლებელი გახდება ყველა სოფელში ნებისმიერი ამინდის პირობებში მივიდეთ“- ცაგერის მუნიციპალიტეტს ახალი მანქანა გადაეცა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ცაგერსა და ლენტეხში 112 სამსახურს მაღალი გამავლობის სპეციალური მანქანა გადასცა და ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე დამთავრებული შენობა, საზეიმოდ გახსნა. შენობის კეთილმოწყობის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 324 869 ლარია და სამუშაოებს შპს“ტუკა“ აწარმოებდა.
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.
ავთანდილ თალაკვაძემ „რეგიონალურ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცათ მაღალი გამავლობის სასწრაფოს მანქანები და მიმდინარეობს მათი სხვადასხვა მუპიციპალიტეტებზე გადაცემის პროცესი, ასევე ისინი ათვალიერებენ ამ სამსახურების ინფრასტრუქტურას ,სწავლობენ და ადგილზე ეცნობიან საჭიროებებს.
“ჩვენ ვცდილობთ თანამშრომლებს ექნეთ ნორმალური სამუშაო პირობები, რათა ისინი ეფექტურად მოემსახურონ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ეს, რადგან ისინი 24 საათი დგანან მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
ცაგერის მუნიციპალტეტის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვენელი ნატო ნემსაძე აღნიშნავს, რომ ეს შენობა და მანქანა ძალიან საჭირო და დროული იყო მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და მედპერსონალისთვის.
„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობასა და 112-ის სამსახურს, ასეთი მაღალი გამავლობის მანქანა ერთი გვყავდა, ახლა მეორეც მივიღეთ, ჩვენ აღარ გვექნება ის პრობლემა, რომ ზოგჯერ ავადმყოფთან ფეხით მივიდეთ, შევძლებთ ნებისმიერ სოფელში, ნებისმიერ ამინდში ავადმყოფამდე მისვლას და დროულ ჩარევას, ალბათ ხედავთ იმასაც, რომ ახალი შენობაც დაგვიკომპლექტეს, ერთ თვეში შენობა სრულიად აღჭურვილი იქნება,სამუშაოები უკვე დამთავრდა, 14 წელია ხელმძღვანელი ვარ და ასეთი შენობა ჯერ არ გვქონია. ჩვენ სრულიად მომზადებულები ვაგრძელებთ საქმიანობას ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე“,- განაცხადა ნატო ნემსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები