სოფელ ბალიჭში ახალი სკვერის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო

კომპანია RMG-ის 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
სამშენებლო სამუშაოების შედეგად დასუფთავდა ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორია, რომელიც შემოიღობა. ადგილზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს და დამხმარე შენობა-ნაგებობას, სკვერის გახსნას კომპანია RMG-ის ხელმძღვანელი პირები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდნენ.
“მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ ისეთი დიდი კომპანია როგორიც RMG-ია საკუთარ თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და მუნიციპალიტეტს, რომელშიც ის საქმიანობს, ცდილობს მისი ეკონომიკის განვითარების გარდა სხვა პროექტების განხორციელებაშიც დაეხმაროს. სოფელ ბალიჭში სკვერის გახსნა ამის ნათელი მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კერძო ბიზნესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ეს კოლაბორაცია საშუალებას გვაძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს საცხოვრებელი პირობები გავუუმჯობესოთ. წელს ბალიჭში სანიაღვრე სისტემა მოეწყო და გარე განათებების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. მომავალში სოფელ ბალიჭში კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებას ვგეგმავთ. ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, ამ მიზნისთვის კი კერძო ბიზნესთან და ცენტრალურ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები