ვინ არის მარადი გაგნიძე, რომელთან დაკავშირებითაც მედიასაშუალებებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა(ვიდეო)

ვინ არის ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარადი გაგნიძე, რომლის შესახებაც სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სუმბაევმა მის გატაცებაში მონაწილე პოლიციელები ამოიცნო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ გაგნიძე იყო. “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, რომ მარად გაგნიძე, არათუ სუმბაევის გატაცებაში მონაწილე პოლიციელია, არამედ არასდროს ყოფილა ძალოვანი სტურქტურის თანამშრომელი. ამასვე ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები და მეზობლებიც.

მარად გაგნიძის მამა, გურამ გაგნიძე “რეგიონულ კვირასთან” იხსენებს, რომ მისი შვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2011 წლის შემდეგ კი არცერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა დასაქმებული. მისივე თქმით, მარადი ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად მუშაობს.

“ჩემს შვილს არასდროს უმუშავია ძალოვან სტრუქტურაში. ქარელის ფოსტის უფროსი იყო და იქიდან გადავიდა მერე საკრებულოში. “ნაციონალების” დროს იყო თანამდებობაზე. სხვაგან არ უმუშავია არსად სახელმწიფო დაწესებულებაში. არასდროს უმუშავია პოლიციაში, ტყუილია. ავტობუსის მძღოლად მუშაობს ახლა”, – ამბობს გურამ გაგნიძე.

“რეგიონულ კვირასთან” საუბრისას გაგნიძეების მეზობელი, ლალი ჩუბინიძე ამბობს, რომ მარადი გაგნიძის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის შესახებ არასდროს სმენია.
“არა, მსგავსი რამ მე ნამდვილად არ გამიგია. რაღაც პერიოდი მუშაობდა თანამდებობაზე, უწესიერესი ბიჭია, ახალგაზრდა ბიჭია, დაფასებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ვიცი, ნამდვილად არ გამიგია”, – ამბობს ლალი ჩუბინიძე.

ამასთან, “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გაგნიძე 2011 წელს დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს და იგი ნასამართლევია, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მის რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმების შესაძლებლობას.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც სუმბაევმა პროკურატურაში ამოიცნო მარადი გაგნიძეა, რაც არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ედება.
ამავე დროს, “ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აქვს კავშირი.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე 19 დღით ადრე, ის საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი, ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.

იაროსლავ სუმბაევი ქართულმა მხარემ რუსეთს უკვე გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები