აფხაზეთის ომში ჩუმად წასული ჟურნალისტის “ომის დღიურები”

ქუთაისელმა ჟურნალისტმა, რომელიც აფხაზეთის ომშია ნამყოფი, საკუთარი წიგნი „ომის დღიურები“ მშობლების ხსოვნას მიუძღვნა.
ლია ხარაბაძე 1992 წელს გაზეთ “ქუთაისის” შტატგარეშე თანამშრომელი იყო. საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა, აფხაზეთის ომის ამბები გაეშუქებინა. ჟურნალისტს ინტერესი და დიდი სურვილი ჰქონდა ომში წასულიყო, რისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ საინფორმაციო ჯგუფებს დაუკავშირდა, რომლებსაც საომარი მოქმედებების ზონიდან მასალები ჩამოჰქონდათ.
​უფრო დეტალურად წიგნის გამოცემის დეტალებსა და მისი დაწერის ისტორიაზე ლია ხარაბაძემ “რეგიონულ კვირასთან” ისაუბრა.

-როდის და რატომ გაგიჩნდათ სურვილი წასულიყავით ომში?
-გაზეთ „ქუთაისში“ მუშაობის დროს, ქალბატონმა ნანული ცხვედიანმა, რომელიც ამ გაზეთში მუშაობდა, მთხოვა, რომ რომელიმე ჯარისკაცთან გამეკეთებინა ინტერვიუ. მივედი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი იწვა. ეს იყო ახმეტელი ბიჭი, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. ოჩამჩირეში დაიჭრა ერთ-ერთ პოზიციაზე. მან მთხოვა, რომ კონკრეტულ პოზიციებზე, სადაც შეტაკება მოხდა, იქ დაშავებულან მისი მეგობრები, ისინი უნდა ჩამოფრენილიყვნენ ქუთაისში და თუ შემეძლო, დავხმარებოდი მათთან შეხვედრაში. მართლაც, მივიყვანე, ვინც ვიპოვე და მათი ემოციური საუბრისას თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიკული ტირილი დავიწყე. ეს იყო ბიძგი იმისა, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა უნდა წავსულიყავი აფხაზეთის ომში. შემდეგ გავიპარე ომში, გავიპარე იმიტომ, რომ სახლში მყავდა ორი მამაკაცი – მამა და ძმა. დავწერე წერილი, თითქოს სხვა მიზეზით მივდიოდი. ამის შემდეგ, კიდევ ოთხჯერ ვიყავი წასული.

– ყველაზე მძაფრად რა დაგამახსოვრდათ?
– ალბათ, შიშიც იყო, მაგრამ ამ შიშს ვერეოდი იმით, რომ ჯარისკაცებთან ჩამეტანა მშვიდობიანი ქალაქიდან ადამიანური სითბო და აქედან წამეღო მზრუნველობა. მაშინ ყველას უჭირდა, თუმცა, ვისაც რა შეეძლო ცდილობდნენ, ყველაფერი მიეწოდებინათ ჯარისკაცებისთვის.
იყო მომენტები, როცა წუთებით და მეტრებით ავცდი დაბომბვას, ეტყობა უფლის ნება იყო გადავრჩენილიყავი. არ ვცდილობ გავიხსენო მსგავსი რაღაცები. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ის, რასაც ვაკეთებდი. ვიდექი იმ ბიჭების გვერდით მაშინ, როცა მათ ეს სჭირდებოდათ. ამისთვის მიღირდა იქ ჩასვლა.

– როდის გაგიჩნდათ წიგნის “ომის დღიურების” დაწერის იდეა ?
-ამ წიგნის იდეა გაუჩნდა ხუთი წლის წინ ქალბატონ ელისო კილაძეს, რომელიც გაზეთ „ქრონიკაპლიუსში“ მთავარი რედაქტორია, მაშინ რედაქტორი იყო ნანა თვალაბეიშვილი, რომელმაც დამირეკა და მითხრა რომ გადაწყვეტილება მიიღეს – მთელი გვერდი დაეთმოთ ჩემთვის. სამი დღე და ღამე მე როგორ ვიყავი ვერ ვხსნი. რა განცდა იყო, როცა გადმოვიღე ომის მასალები. საუბარია ინტერვიუებზე, ჩანაწერებზე. მთელი ექვსი თვის განმავლობაში, “ომის დღიურებს” ვწერდი. შესაბამისად, შემდეგ გაჩნდა იდეა გამოგვეცა წიგნად. წიგნის გამოცემა ბუნებრივია, თანხებთან იყო დაკავშირებული. თანხების მოძიებას ხუთი წელი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩემმა მეგობრებმა მოიძიეს ადამიანები, რომლებმაც ეს ქველმოქმედება გასწიეს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ამ წიგნის გამოშვება და ვინმეს თუ მიუძღვენით?
– მინიატურებს ვწერ და ვფიქრობდი, მინიატურებზე გამომეცა წიგნი. “ომის დღიურების” წიგნად გამოცემაზე არც მიოცნებია. შეიძლება ვიოცნებე კიდეც, მაგრამ არ მახსოვს. ეს ახლა ჩემთვის ყველაფერია. ამ წიგნში არის ჩემი გულისტკივილი, ჩემი სასიამოვნო წუთები, სიხარული, ჩემი განცდა. ეს არის წიგნი არა ომზე, ვინ როგორ დასახიჩრდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო ადამიანურ ურთიერთობებზე ომის დროს. ხაზგასმით მაქვს ერთი მხარე – დედები, რომელთა შვილებიც ომში იყვნენ. ბევრი ვიფიქრე, ვისთვის მიმეძღვნა. ვიფიქრე ჩემი მშობლებისთვის მიმეძღვნა და შემდეგ თავი შევიკავე – ძალიან ხმაურიანი არ გამოსულიყო.
​პირველი წიგნია 55 წლის ასაკში. დედა 40 წლის გადრაცვლილია, მამა ათი წლის გარდაცვლილი. მე და მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ამის შესახებ, იცის მეგობარმა, რომელმაც მირჩია, რომ ღირდა ამის გაკეთება – მშობლებისთის მიძღვნა. არ ვიცი, ვისთვის რა და როგორ ღირს, მაგრამ ჩემი მშობლები  განსაკუთრებულად ძვირფასები არიან და უსაშველოდ მენატრებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე “ომის დღიურები” მათთვის მიმეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები