ვახტანგ გომელაური: ჩვენ ჩართულები ვართ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია. როგორც მან ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან და თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სანაპირო დაცვის ხომალდების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, უწყება შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია და ჩვენი გემები ქვეყნის გაძლიერებაში მაქსიმალურად არიან ჩართულები.
„ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მკაფიო სიგნალი, მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავეცანი გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ელჩებს, დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული ორი ხომალდი ჰაილენდის კლასის, რომელიც გადმოეცა შსს-ს სანაპირო დაცვას. აქვე მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, ჩვენ ჩართულები ვართ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.