რა ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად: “თერგის” ადმინისტრაცია დღეს ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართავს
სავაჭრო ცენტრ “თერგის” ადმინისტრაცია გუშინ გაჩენილი ხანძრის კერის დასადგენად “სამხარაულის სახელობის ბიუროსთვის” მიმართვას გეგმავს,- ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ “თერგის” წარმომადგენელმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგების შესწავლა ექსპერტებმა და სადაზღვეო კომპანიამ უკვე დაიწყეს.
“ჩვენ, მივმართავთ “სამხარაულის სახელობის ბიუროს”, რათა ჩაატარონ გამოკვლევა და დაგვიდგინონ ხანძრის კერა. ექსპერტ-კრიმინალისტები და სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებიც დაადგენენ ზარალს და ალბათ, კანონის ფარგლებში აუნაზღაურებენ იმ ზარალს რაც აქვთ მოვაჭრეებს,” – განაცხადა იაშვილმა.
ხანძარი ბაზრობაზე გუშინ გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლმა 250 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. ტერიტორიაზე ძირითადად სათამაშოების საწყობები იყო.