“ნაცემის მეტყობა რამე?” – ზაზა ჩინჩალაძემ პროკურატურა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა (ვიდეო)
ჭიათურის მაღაროს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, სამართალდამცველების შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულმა ზაზა ჩინჩალაძემ პროკურატურა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, დატოვა.
გამოკითხვიდან გამოსული ჩინჩალაძე, კვლავ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და არანაირ ფიზიკურ ძალადობას არც პოლიციისა და არც მისი მხრიდან, ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ზაზა ჩინჩალაძის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე დღეს იმსჯელა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი ხვალ გაგრძელდება, სადაც მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენს.
ცნობისთვის, დღეს დილით ჭიათურის მაღაროს ტერიტორიაზე ერთ-ერთ და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ზაზა ჩინჩალაძე დააკავეს. შსს-ის განცხადებით, მაღაროელი პოლიციელისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ზაზა ჩინჩალაძე სასამართლოს დაწყებამდე “რეგიონულ კვირასთან” სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“უბრალოდ, პატარა გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი კარგად არის ახლა. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. დაახლოებით 11-12 საათისთვის მოხდა ინციდენტი, თუ არ ვცდები. რაღაც დაიკარგა სამსახურში და იმას ვეძებდით, ვარკვევდით რა და როგორ მოხდა და მაგ დროს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, მეტი არაფერი”, – ამბობს ზაზა ჩინჩალაძე.