სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. ამის შესახებ ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ოფიციალური წერილით ეცნობა.
ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად. ხოლო თუ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებულია დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგინოს თავისი მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
მაჩალიკაშვილების ოჯახმა ევროპულ სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე 2019 წლის 6 ივნისს მიმართა.