პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

    გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაესწრება კონფერენციის მონაწილეთათვის გამართულ საზეიმო მიღებას. ხვალ კი დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა.
” ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაში მონაწილე პირებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მიმდინარე რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას. გაიმართება დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგება საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩარ ჰაგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრს ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვოლტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს.
მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „FOCUS“-ს, ასევე ტელეკომპანია „ZDF“-ს. საქართველოს დლეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 2 თებერვალს დატოვებს. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები