პრეზიდენტმა სამუშაო სადილით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოში აკრედიტირებულ ევროკავშირის ელჩებთან სამუშაო სადილი გამართა. სამუშაო ლანჩზე საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპელ დიპლომატებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდში, მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო დახმარების გამოყოფას, დეოკუპაციის საკითხებს და იმ თემებს, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევების მიმართულებით არის აქტუალური. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან მათი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში: „რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რასაც წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე პროცესი, ვისაუბრეთ, თუ რა ვალდებულებები და სამოქმედო გეგმა ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“,-განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 11 -კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:
„შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობამ მყისიერად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.
„ევროპის დედაქალაქებსა და ბრიუსელში განწყობა ერთიანი და ცნობილია, რომ საქართველომ წელს ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველომ უნდა განაგრძოს დაწყებული რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროინსტიტუტებთან დაახლოების გზაზე.“ სამუშაო სადილს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები