მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისთვის სოციალური დახმარების სტატუსის შეჩერებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისთვის სოციალური დახმარების სტატუსის შეჩერებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. მისი თქმით ოჯახს, სტატუსი აქციების დაანონსებისა და ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეუჩერეს.

,,როგორც კი დაიწყეს სოციალური დახმარების სტატუსის მინიჭება, იმ დროიდან იღებს ჩემი ძმის ოჯახი სოციალურ დახმარებას. სხვა შემოსავალი მათ არ ჰქონიათ. როგორც კი სახელმწიფომ ჩემი ოჯახის მიმართ ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მომიწია ქუჩაში გამოსვლა. ჩემს გვერდით აღმოჩნდა ჩემი ძმა და ძმისშვილი. ამის შემდეგ მოეხსნათ სტატუსი და შემწეობის გარეშე დარჩნენ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ბრალდებებს უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროში და უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახს დახმარება 2018 წლის ოქტომბერში მაღალი ქულების გამო მოეხსნა. მათივე განმარტებით, ოჯახების შემოწმება ყოველწლიურად ხდება და იმ შემთხვევაში თუ ცვლილება განხორციელდა, მაგალითად ოჯახში ახალი წევრის შეძენის შემთხვევა ფიქსირდება, ოჯახს უფლება აქვს განმეორებითი შემოწმებისათვის რაიონული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს.

კახეთის რაიონული მომსახურების სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის თეონა ქალდანის თქმით, მაჩალიკაშვილებს ნამდვილად შეეძინათ ოჯახის ახალი წევრი, თუმცა ოჯახს ხელახალი გადამოწმების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

,,აღნიშნული ოჯახი გადამოწმებულია, 2018 წლის ოქტომბერში, ვიზიტი ,,სოც-აგენტს” განხორციელებული აქვს 14 ოქტომბერს. სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე ოჯახს დახმარება აღარ ეკუთვნოდა.რაც გამორიცხავს პოლიტიკურ ბრალდებებს,” – განაცხადა თეონა ქალდანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები