ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2019“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2019“ გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილიმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მიმართეს.
,,28 სექტემბერს ,,ბოლნისქალაქობა“ აღვნიშნეთ. ქალაქის დღესასწაული, რომელიც ყველას, არაერთი ეთნოსის წარმომადგენელს, ქართულსა და გერმანულ კულტურას აერთიანებს. ბოლნისი ამაყობს თავისი წარსულით, იმით, რომ ორასი წლის წინ, გერმანელებმა აქ ევროპული დასახლება დაარსეს და დღეს მათ კვალზე ჩვენ ვაგრძელებთ ტოლერანტული და თანამედროვე ქალაქის ერთად აშენებას. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქალაქის საამაყო ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის რეაბილიტირებული ქუჩის გახსნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი მიზანია ქალაქს ისტორიული იერსახე დაუბრუნოს, რისთვისაც არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ,,ბოლნისქალაქობაზე“ ბოლნისელმა ხელოვანებმა და მეწარმეებმა თავიანთი ნამუშევრები და პროდუქცია წარმოადგინეს.
ბოლნისი საქართველოს ღვინის რუკაზე თავის გამორჩეულ ადგილს უკვე იმკვიდრებს. კერძო სექტორის, ადგილობრივი ხელოვანებისა და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლში ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ, “, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
დღესასწაულს ბოლნისის ისტორიულმა უბანმა უმასპინძლა. ქვემო ქართლში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა თავიანთი კუთხეები წარმოადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია დაეგემოვნებინათ. ტრადიციულად, წელსაც, „ბოლნისქალაქობაზე“ საზეიმოდ დაიწურა ყურძენი.
დღესასწაულზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული აქტივობები. სპეციალურად „ბოლნისქალაქობისთვის“, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა – „ბიგ – ბენდმა“ და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ კონცერტი გამართეს. გალა კონცერტის დასრულების შემდეგ, დღესასწაულის სტუმრების განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა.