ქუთაისის მერი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო
ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია წერეთლის ქუჩაზე მივიდა, სადაც გუშინდელმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ქუჩაზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკაც, რომლის საშუალებით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მერის განცხადებით, მიყენებული ზიანის ოდენობა აღირიცხება და ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
“ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს იმ ქუჩების და სანიაღვრე არხების გაწმენდა, რომელიც გუშინ გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია შტაბი და მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ.
ამ დროისთვის, ცხელ ხაზზე 234 ზარია შემოსული. მოსახლეობას ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა”,- აღნიშნა გიორგი ჭიღვარიამ.