“მერიის თითქმის ყველა პროგრამა მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზეა გაწერილი” – ქედაში ადგილობრივებს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს

მმართველი გუნდის წარმომადგენლები  დანდალოს, ცხმორისის, წონიარისის და ზვარის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინეს.
დანდალოს, ცხმორისის, წონიარისისა და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას,  დეპუტატი – ანზორ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – ტიტე აროშიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – ნინო ნიჟარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დავითაძე, მერის პირველი მოადგილე – როლანდ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესაუბრნენ. შეხვედრები  დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები, სიახლეები და სამომავლო პერსპექტივები გააცნეს. თავის მხრივ, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები და დაესახელებინათ საჭიროებები, რომლებიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სწორედ მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით მიმდინარეობს ორ თვეზე მეტია ინტენსიური შეხვედრები რეგიონში, რათა მსხვილი პროექტები 2020 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნას ასახული, ან საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, შესაძლებლობის ფარგლებში მყისიერად იქნას მოგვარებული.

როგორც “კვირას” ქედას მერის მოადგილემ, როლანდ ბერიძემ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ და აღნიშნული შეხვედრები ამის ნათელი მაგალითია

“მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მერიის თითქმის ყველა პროგრამა მათივე მოთხოვნის საფუძველზეა გაწერილი, თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კიდევ, რომ მათი ჩართულობა უფრო იყოს გაზრდილი, რათა მაქსიმალურად ვპასუხობდეთ ადგილობრივების მოთხოვნებს. ამისი მაგალითია, დღევანდელი შეხვედრები”,- განაცხადა როლანდ ბერიძემ.

სოფელ დანდალოს მკვიდრმა ჰაიდარ ავალიანმა “კვირასთან” აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრები მოსახლეობასთან აუცილებელი და ეფექტურია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან მოსახლეობის საჭიროებებს.
“მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და გაცილებით ეფექტურია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ეს არის შეულამაზებელი კომუნიკაცია და ეს არის სწორი! დიახ, ადგილზეა საჭირო ყველა იმ საკითხის გაცნობა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, საჭიროებების სწორად დანახვა და შემდგომ უკვე მყისიერი რეაგირება. დღეს ყველანი ვიყავით გულახდილები და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის”,- აღნიშნა ჰაიდარ ავალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები