ოზურგეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა კომისიამ სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა უკვე დაიწყო.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია. ნატანები და ბჟუჟი ადიდდა, რის გამოც, დაზიანდა მდინარეზე გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
პრობლემები შეიქმნა სოფლებში: შემოქმედი, გომი, წითელმთა, ბახვი, ვაკიჯვარი, ბოხვაური და ცხემლისხიდი. დაიტბორა თაყაიშვილისა და გაბრიელ ბერის ქუჩები.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, სპეციალური კომისია კი ზარალს ითვლის.
“სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე სურგულაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. სპეციალური კომისია ზარალს ითვლის. ოზურგეთში, ამ დროისთვის, აღარ წვიმს,”- აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები