ატოცში “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი აქტივისტი გარდაიცვალა
ანტიოკუპაციური მოძრაობის -“ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი აქტივისტი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე ატოცში გარდაიცვალა.
როგორც ანტიოუკუპაციური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ბალიაშვილმა “კვირას” განუცხადა, დეკანოსიძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ გულის შეტევაა. თუმცა, როგორც მიხეილ ბალიაშვილი აღნიშნავს, გარდაცვლილს გულის პრობლემები არ ჰქონია.
“გამთენიისას, სახლში, სადაც ვიმყოფებით ხოლმე ატოცში, მოულოდნელად, გული გაუხდა ცუდად. ვეცადეთ გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ”,- განაცხადა მიხეილ ბალიაშვილმა.
მომხდარის შესახებ, ანტიოკუპაციური მოძრაობის – “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავაც წერს.
“გიორგი დეკანოსიძე. დეკანა.
კაცი. შევარდნაძის დროს, პოლიციელებმა ისე სცემეს, ეტლიდან ვერ დგებოდა.
იბრძოლა და ადგა. ადგა იმიტომ, რომ 2017 წლის 30 ივლისიდან ჩართულიყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის რიგებში.
კაცი, ვისთვისაც საქართველო ყველაზე დიდი სიყვარული იყო.
დღეს დილით, გამთენიისას, ატოცში, დეკანა წავიდა.
დეკან, ჩემო ძმაო, გპირდები, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ავასრულებთ შენს ოცნებას.
მშვიდობით, ძმაო.
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით.
ძალა ერთობაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”,-წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში, ცხედარი გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც გარდაცვლილის მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალებს “კვირას” გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს.