გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ხატია წილოსანი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები, კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.
ხატია წილოსანის თქმით, დელეგაციის წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელია და მათ შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ, თუ როგორ ხდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება.
„დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. ისინი საქართველოში ღვინის წარმოების პროცესითა და რთველთან დაკავშირებული საქმიანობით დაინტერესდნენ. ვინაიდან, რთველი კახეთის რეგიონში პიკურ ეტაპზეა, ჩვენი სურვილი იყო, რომ სტუმრების ვიზიტი სწორედ აქ, კახეთის რეგიონში შემდგარიყო. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ, თუ როგორ ხდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება“, – აღნიშნა წილოსანმა.
დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.
სტუმრებს „თელავის ღვინის მარანმა“ უმასპინძლა, რომელიც, თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის კომპანიაა საქართველოში. კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა FAO-ს წარმომადგენლებს ყურძნის გადამუშავების სრული ციკლი გააცნო.