ქუთაისის მერიაში ჭარბი ნალექის გამო, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა
უამინდობისა და ჭარბი ნალექის გამო ქუთაისში გორის ქუჩის მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა, პირველი სართულები და ეზოები დაეტბორა, მოსახლეობის ნაწილს კი შინაური ფრინველიც დაეხოცა.
ასევე დაიტბორა ქალაქის ქუჩებიც და გადაადგილება როგორც ქვეითთათვის, ასევე ავტომობილის მძღოლებისთვისაც შეფერხებებით იყო შესაძლებელი.
“რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, რომ ჭარბი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისთვის, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა.
“მერიაში შეიქმნა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი. ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში. საბედნიეროდ, სტიქიას უბედური შემთხვევები არ მოჰყოლია”, – ამბობს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია.
ქუთაისის სპეცსერვისების ხელმძღვანელმა – კოტე ჯავახაძემ კი “რეგიონულ კვირასთან” განმარტა, რომ სანიაღვრე არხებში უხვი ნალექის გამო წყალი გასვლას ვერ ასწრებდა, რის გამოც ქუჩები დაიტბორა.
“სანიაღვრე სისტემები იწმინდება პერმანენტულად, ყოველდღიურად. უბრალოდ, სტიქიაა და უხვი ნალექის გამო, მილები ვერ ასწრებს წყლის გატარებას”, – ამბობს ჯავახაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ცხელ ხაზზე 60-მდე ზარია შესული.
“ამ დროისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 60-მდე შეტყობინებაა შესული, ძირითადად ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვის გამო. დაშავებული არავინაა. ყველა მისამართზე გასულია საგანგებო სიტუაციების მარტთვის სამსახურის მაშველები”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, ქუთაისში დღეს დილიდან წვიმს.