ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთის მოსახლეობას ეზოები დაეტბორა
გურიაში, ოზურგეთში, მოსული ძლიერი წვიმისა და ჭარბი ნალექის გამო, წვიმის წყალი მოსახლეობას ეზოებში შეუვარდა. დაიტბორა თხილის ბაღები და ბოსტნები. წყლის უხვი ნაკადი მოედინებოდა გზის სავალ ნაწილზეც.
“მთელი დღე წვიმდა, შემდეგ სამი საათისთვის ძლიერი წვიმა იყო ძალიან, დაახლოებით, ერთი საათი იწვიმა. გარეთ რომ გამოვიხედე, გარშემო ყველგან წყალი იყო. სათხილე წყალში ცურავდა, საქონლის სადგომიც დატბორილი იყო და ეს ამდენი თხილი თუ იყო წელს, სად იყო აქამდე – ყველა ერთად მომაყარა წყალმა ეზოში. გზაზე ვერ გაივლი, “ბოტებშიც” კი წყალი ჩამივიდა – ეს ყოველ გაწვიმებაზე ასეა, თუმცა ახლა მეტისმეტი იყო”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ადგილობრივი, ნელი სიხარულიძე.