“ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს” – ნიგოზასა და ჩობალაურის სოფლების გაზიფიცირება დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასა და ჩობალაურში დღეიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარეგებლობა შეეძლებათ. სოფლების გაზიფიცირების პროექტი დღეს დასრულდა და ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა – როვნაგ აბდულაევმა, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა – ჯაბა ხმალაძემ, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალურმა დირექტორმა – გიორგი ბახტაძემ და კასპის მერმა – მანუჩარ მერებაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” განახორციელა. აშენებული ქსელის სიგრძე 3049 გრძივი მეტრია. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
„აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში შედის 8 სოფელი, თუმცა აქედან 2 სოფელს ნიგოზასა და ჩობალაურს ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდა, დღეიდან კი ორივე სოფლის 250-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება. მოსახლეობის მოთხოვნა სწორედ დროული გაზიფიცირება იყო, ჩვენი გუნდი ყოველთვის ასრულებს დანაპირებს”, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.