საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება. მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებაში, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თვითმმართველობების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ეს პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი სტანდარტის მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვას ითვალისწინებს, რაც მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს, ამ სიახლის დანერგვის შემდეგ, ექნებათ წვდომა და პირდაპირი კავშირი ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ სისტემებთან, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება წერილების გაგზავნა, დროის ხარჯვა და მოიხსნება ზედმეტი ბარიერები. ამ სისტემის დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სერვისების მიწოდების ხარისხის და მთლიანად, საჯარო მმართველობის სტრუქტურების გამართულად მუშაობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომლის დანერგვაშიც, პირველ ეტაპზე, 21 მუნიციპალიტეტი ნებაყოფლობით ერთვება, შექმნილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მისი ეფექტურობა გამოცდილია პრაქტიკაში. ​პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებს ელექტრონული სისტემის დანერგვაში თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA)დაეხმარება, რომელიც 25 თვის განმავლობაში, (2019-2021 წწ) მუნიციპალიტეტების შეფასების საფუძველზე, მოდულების ადაპტაციას და მათ შემდგომ დანერგვას უზრუნველყოფს.

ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პროექტის სრული ციკლის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტში დაინერგება 17 მოდული ანუ სერვისი. რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ, რაც მათ პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციას გაზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის რეგიონების მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს ექნებათ ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქშია. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

ელექტრონული სერვისები დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; ეკოლოგია და გამწვანება; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ეკონომიკური განვითარება და ქონების მართვა; კულტურა, განათლება და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები; იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო მომსახურება.

ერთიან ელექტრონულ პლატფორმა იძლევა ისეთი მოდულების განვითარების საშუალებას, როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; ონლაინ განცხადებები; საკრებულოს საქმისწარმოება; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; პარკირების მართვა; დასუფთავება და ნარჩენების მართვა და სხვა. ​

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ამოცანას, შექმნას პირობები ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარებისათვის. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები