ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2019“ გაიმართება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 28 სექტემბერს ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2019“ გაიმართება. დღესასწაულს ბოლნისის ისტორიული უბანი უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში „დინამო თბილისის“ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, მეწარმეები კი თავიანთ ნაწარმს წარმოადგენენ. ღონისძიების სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია დააგემოვნონ. ტრადიციულად წელსაც „ბოლნისქალაქობაზე“ ყურძენი საზეიმოდ დაიწურება. დღესასწაულზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული აქტივობები. სპეციალურად „ბოლნისქალაქობისთვის“, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ – ბენდი“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმები“ კონცერტს გამართავენ. გალაკონცერტის პარალელურად დღესასწაულის სტუმრების განწყობაზე იზრუნებს DJ.
სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა“ პირველად 2017 წელს გაიმართა.