ბორჯომში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ვეტერანები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოსათვის დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის სამღვდელოებამ აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
“დღევანდელი დღე უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. მხოლოდ მშვიდობითა და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, რომ აღდგეს ნდობა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის, რათა კვლავ შევძლოთ ერთად ცხოვრება”,- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.