არჩილ თალაკვაძე: გვჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც საზოგადოების და მოქალაქეების აზრს ეფუძნება
ოზურგეთში საკონტიტუციო პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
დღევანდელ სახალხო-საჯარო განხილვაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართა, მომხსენებლებმა საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, შეკრებილი საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.
გამართულ დისკუსიაში სადავო საკითხები საარჩევნო ბლოკებს შეეხებოდა, კერძოდ, უნდა ჰქონდეთ, თუ არა საარჩევნო ბლოკებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ საკითხზე პოლიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. კითხვები ეხებოდა
ბარიერსაც. თუმცა, მთავარი სადავო საკითხი მაინც ბლოკები გახლდათ, რამდენიმე პარტიას უნდა ჰქონდეს, თუ არა იმის უფლება, რომ გაერთიანდნენ ერთ საარჩევნო ბლოკში და ისე იყარონ კენჭი. პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ამის უფლება პარტიებს არ ექნებათ. ოპოზიციის მოსაზრებაა, რომ ერთჯერადად, 2020 წლისთვის პრეცენდენტი დაშვებული იქნას.
აქამდე ბლოკები ყოველთვის მონაწილეობდა პროცესებში და ყოველთვის ბლოკების მიერ მოხდა ხელისუფლების ცვლილება.
საარჩევნო ბლოკები 2024 წელს იცვლება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოზურგეთში გამართული განხილვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა.
“ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განხილვა ოზურგეთში შედგა, ეს ალბათ გასაკვირი არ არის. აქ ყველა მოქალაქე ზედმიწევნით ერკვევა პოლიტიკაში. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტები მოქალაქეებს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრეთ ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში არის დაგეგმილი. საერთო ჯამში, საზოგადოებასაც იგივე პოზიცია აქვს, ეს განხილვაზეც გამოჩნდა. ეს არის უდავოდ დემოკრატიული ცვლილებები, ეს არის ნამდვილად დემოკრატიული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან და რაც მთავარია, ამაში დიდი თანამონაწილეობა მოქალაქეებს აქვს. გვჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც საზოგადოების და მოქალაქეების აზრს ეფუძნება. აი ეს პროცესი – საჯარო განხილვები, კონსულტაციები ოპოზიციასთან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გახსნილია პოზიციები, არის კონსტრუქციული პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამოადგება ქვეყანას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო განხილვები გრძელდება, საჯარო განხილვას ხვალ ზუგდიდი უმასპინძლებს.