შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მოსახლეობას შეხვდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ საკობიანოს, ქორეტის, ყვარელწყლის და დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. მათგან სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრების დროს ძირითადად სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების, საძოვრებისა და ინტერნეტით უზრუნველყოფის პრობლემები გამოიკვეთა. პანკისის ხეობის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.
გიგაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოფლებში განხილული კონკრეტული საკითხების ასახვა უნდა მოხდეს.
,,მომავალის წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია სოფლის კონკრეტული საჭიროებები და მოსახლეობის ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური მომავლის პროექტების დაგეგმვისას. პრიორიტეტულად შეიძლება დასახელდეს სასმელი წყლის პრობლემა და გზების პრობლემა, თუმცა ძალიან საინტერესო იყო ის საკითხები, რომელიც წამოწიეს სოფლის ახალგაზრდებმ. ეს არის კულტურის განვითარება, ცენტრების შექმნა ახალგაზრდებისათვის, სხვადასხვა სახელოვნებო წრეების გახსნა და რაც მთავარია ვაინახური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება” -განაცხადა გიგაურმა.
სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე ადგილობრივებთან შეხვედრები მომავალი წლის ბიუჯეტში, გამოვლენილი საკითხების ასახვას ისახავს მიზნად და მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება.