ზვიად შალამბერიძე: მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის შეძენაც მოსახლეობას ერთ ლარად შეუძლია, ასამდე გაიზრდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან – ლადო კახაძესთან ერთად, მთავრობის ახალი ინიციატივის, “დიალოგი ხალხთან” ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღევანდელი შეხვედრები სოფლებში: მექვენა, დერჩი, ჭაშლეთი და საჩხეურა გაიმართა.
შეხვედრებზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე, მათთვის პრიორიტეტული საკითხი წამოჭრა. მათ შორის, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პრობლემებსა და სამედიცინო მომსახურებას.

ზვიად შალამბერიძემ “კვირასთან” აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, რათა პირადად, თითოეული მოქალაქისგან მიიღონ ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ.

“ჩვენ ეს შეხვედრები დავიწყეთ ორ თვეზე მეტია. თითქმის ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას. ეს არის სამუშაო რეჟიმის შეხვედრა, რომ გავიგოთ რა გვიჭირს, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. ერთიანი ინფორმაცია გროვდება ჩემთან. შემდეგ ჩემგან მიდის ჩვენს მეთაურთან,  იმ სამინისტროებთან რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხების განხილვა.
​რაც შეეხება, გამოხმაურებას წამლებთან დაკავშირებით,ჩვენ რომ დავიწყეთ შეხვედრები მაშინ იყო საუბარი 35 მედიკამენტზე, რომლის შეძენაც მოსახლეობას ერთ ლარად შეუძლია. ახლაც ასეა, მაგრამ  რეალურად დაიძრა ეს საქმე და წლის ბოლოს ასამდე დასახელების მედიკამენტის შეძენა შეეძლება მოსახლეობას სიმბოლურად ერთ ლარად. ასე კეთდება საქმე და ამ პრინციპზე გადავედით, რომ ოთახებში კი არ ვისმინოთ რა უჭირს ხალხს არამედ, პირადად ვესაუბროთ, ჩავინიშნოთ, ჩავიწეროთ სახელი და გვარი. არა მხოლოდ , მთლიანად სოფელს რა უჭირს არამედ,  თითოეულ მცხოვრებს რა უჭირს, რომ მივეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს სოციალური დახმარება  და სხვა. არის პრობლემები, რომლესაც უნდა მიყოლა და ჩვენ მას მივყვებით “,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მმართველი გუნდის ინიციატივა “დიალოგი ხალთხან” მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქებსა და სოფლებში ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს პირადად ისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები