სენაკში 23-ე სალოტბარო სკოლა გაიხსნა
სენაკში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლა გახსნა. ქალაქში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის მსურველს შესაძლებლობა ექნება აღნიშნულ სკოლაში ქართული ტრადიციული სიმღერა და გალობა უფასოდ შეისწავლოს. სასწავლო დაწესებულებას გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული დიმიტრი კაკულია უხელმძღვანელებს.
ღონისძიებაზე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რეგიონში დაგეგმილი შემოქმედებითი აქტივობების ფარგლებში, ცენტრსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სკოლის გახსნის მიზანი 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.
სკოლის გახსნის ცერემონიაში წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდმა და კოლხურმა ტრიომ მიიღეს მონაწილეობა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით სენაკში 23-ე სალოტბარო სკოლა გაიხსნა და სკოლის გახსნა კიდევ 6 მუნიციპალიტეტში მათ შორის ზუგდიდშიც იგეგმება.