ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ადიგენში, რვა სოფლის მოსახლეობას – ვარხანს, აბასთუმანს, საღრძეს, ხარჯამს, წახანს, ხევაშენს, ბენარასა და უნწას სასმელი წყალი დღეს დილიდან შეუფერხებლად მიეწოდება.
ადიგენის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა დემეტრაძის თქმით, სასმელი წყლის მიწოდება სოფლებს კურცხანას წყლის ცენტრალური სისტემის დაზიანების გამო შეეზღუდათ, თუმცა დაზიანებული ნაწილის აღდგენა გუშინ დასრულდა.
“ეს სისტემა 1970–იან წლებშია გაკეთებული და წყლის დატვირთვას ვეღარ უძლებს“,- განაცხადა მამუკა დემეტრაძემ.
კურცხანის წყლის სისტემის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის, ადიგენის მერიამ ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც 84 683 ლარზეა გათვლილი.. ტენდერში მონაწილეობისთვის მსურველებს განაცხადების შეტანა 28 სექტემბრამდე შეუძლიათ.