ზრდასრულთა განათლების ცენტრი და და შშმ პირთა დღის ცენტრი ამბროლაურში, სადაც მომავლის იმედს ქმნიან
რაჭაში, ამბროლაურში, მათთვის, ვინც ცხოვრებაში რამე პროფესიის მიღება ვერ მოასწრო, ან მიხვდა, რომ სულაც შეცდომით აირჩია, დიდი შანსია პროფესიული მიმართულება რადიკალურად შეცვალონ და საკუთარ თავში აღმოჩენილ ნაგვიანებ ნიჭსა და სურვილს გასაქანი მისცენ. მითად ქცეული გამოთქმა, მზეზე ერბოკვერცხის შეწვაც კი საკუთარი ხელით შეასრულონ, რაჭის ეთნოგრაფიის ნიმუშები ხეზე გააცოცხლონ, ქვაში გამოაჩუქურთმონ, თექა დაამუშაონ, საოცარი ხელჩანთები დაამზადონ, თეთრეული შეკერონ, მძივები ააწყონ, თანაც ისეთები, გამოფენებზე კოლექციონერები რომ ყიდულობენ, შეკვეთებსაც იღებენ. პროექტი, რომელიც დაიწყეს,პროექტი-პროექტისთვის კი არა, ადამიანების დასაქმებით და სოციალური საწარმოს გახსნის პერსპექტივით დასრულდა.
ა/სამთავრობო ორგანიზაციის (2001 წლიდან ფუნქციონირებს) რაჭა-ლეჩხუმისა ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ნანა სოხაძესთან ინტერვიუზე მისულებმა შევიტყვეთ, რომ მხოლოდ ზრდასრულთა განათლების ცენტრი არაა ამ პროექტის ძლიერი მხარე, ამას ინტერვიუდანაც შეიტყობთ…
-საინტერესოა ამ ცენტრის რელიეფი და განხორციელებული პროექტები?
-რელიეფი მოიცავს ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტებს, რაც შეეხება პროექტებს, განხორციელებული გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით: ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდული პროგრამები, განათლების, თვითთმართველობებთან ეკონომიკური განვითარებების მიმართულებები და სხვა.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ზრდასრულთა განათლების ცენტრი და შშმ პირთა დღის ცენტრი, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით…
-ზრდასრულთა განათლების ცენტრზე მოგვიყევით
-ეს პროექტი გერმანული ორგანიზაცია “დივი ინტერნეიშენალის“ მხარდაჭერით ხორციელდება. აქ მიმდინარეობს როგორც პროფესიული, ასევევ განათლების მიმართულებებით მუშაობა, შექმნილია სხვადასხვა სასწავლო ჯგუფები, ფუნქციონირებს კომპიუტერების, უცხო ენის(ინგლისური) შემსწავლელი, თექის, ხის დამუშავების, სამკაულების აწყობის განყოფილებები, აქცენტებს ვაკეთებთ იმაზე, რომ შენარჩუნებული და აღდგენილი იყოს ძველი რაჭული ხელობის ტრადიციები, თქვენი თვალით ნახეთ ის ბაზა, რომელიც შევქმენით-უახლესი მოდელის საკერავი მანქანები, ხის გადასამუშავებელი დაზგები, კომპიუტერები და სხვა საჭირო ნივთები, თქვენ იმ დროს მობრძანდით, როცა მიმდინარეობს ახალი ჯგუფების ფორმირებები, თორემ მომუშავე ოსტატებსა და შეგირდებსაც ნახავდით, მნიშვნელოვანი იცით რა არის?აქ თაობები მუშაობენ ერთად,ასაკი შეზღუდული არ გვაქვს,შემდეგ ვატარებთ სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებს, სადაც ჩვენი ნივთები წარმატებით იყიდება და შეკვეთებსაც კი გვაძლევენ.
-აქ ვნახეთ ძალიან უცნაური ნივთი…
-დიახ, ესაა მზის სამზარეულო,რომელიც გერმანელებმა გვიყიდეს და ის მზის ენერგიაზე საკვებს ჩვეულებრივად წვავს და ხარშავს, ვგეგმავთ ისეთ სოფლებში გამოვიყენოთ, სადაც არაა გაზიფიცირება.
-ყველაზე დიდი შედეგი?
-ჩვენ უკვე მზად ვართ, მსურველების შემთხვევაში, დავაფუძნოთ 2 სოციალური საწარმო (სამკერვალო საწარმოს გახსნაც შეიძლება), სადაც შეგვეძლება სულ მინიმუმ, 3 ადამიანი დავასაქმოთ…
– ყველაზე დიდი პრობლემა?
-სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება მოგვაქციონ, ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად გრანტებზეა დამყარებული, აი ჩვენი პროექტის შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იყო, რომ ა/ სამთავრობო ორგანიზაციას და თვითმმართველობას ასე ეთანამშრომლა მუნიციპალიტეტმა თანადაფინანსება გამოგვიყო, აი ამ ტანდემით შევძელით ეს ყველაფერი. თუ გრანტებზე მეტი წვდომა გვექნება რეგიონებს, ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ.
-რა შეეხება შშმ პირების დღის ცენტრს?
-ცენტრში 6 დან 18 წლამდე 20-მდე ბავშვია ჩაბმული. პროექტი დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაცია “არბაიტენ სმაითელ ბუნდის” მიერ და გახლავთ ევროკავშირის პროექტი. როგორც კი სოციალურ ქსელში კონკურსი გამოცხადდა, მივხვდით, რომ ეს იყო ის პროექტი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა,რადგან მსგავსი მხარეში არ იყო, გამოცხადებულ პროეტში სულ 44.000 ლარი იყო გათვლილი, მივხვდით, რომ არ იქნებოდა საკმარისი,ამიტომ მივმართეთ დახმარებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, გულთან მიიტანეს საკითხი, გამოგვიყვეს ფართი, გაგვირემონტეს და 150 კვადრატული მეტრი გადმოგცეს 2 წლით სარგებლობაში .ცენტრი აღიჭურვა და დავიწყეთ მუშაობა.
-საიდან დადიან ბავშვები?
-ბავშვები ამბროლაურის სოფლებიდან დადიან-ხვანჭკარიდან, ჭრებალოდან, სხვავიდან, ძირაგეულიდან და თვითონ ამბროლაურიდან. ძირითადად ჩვენთან ბავშვები აუტისტური სპექტრით და ჰიპერაქტიურობით, დისლექსიით, გონებრივი ჩამორჩენლობით მოდიან. პერსონალი კონკურსის წესით შეირჩა და დასაქმდა სპეც.პედაგოგი, ფსიქოლოგი, ფიზიოტერაპევტი, ფსიქიატრი, ვმუშაობთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, ერთჯერადი კვებით. გვაქვს მშობელთა კლუბი, რადგან აქ მნიშვნელოვანია მშობლის ფაქტორი. საჭიროა მათ ავუხსნათ, რომ აუცილებელია ბავშვებზე სტატუსის მინიჭება.
-არის თუ არა სახემწიფოს მხრიდან მზაობა ცენტრისთვის ხელშეწყობაზე ?
-ჯანდაცვის სამინისტროში გავგზავნეთ მოთხოვნა, რათა ეს შშმ პირთა ცენტრი ჩაჯდეს სახელნწიფო დაფინანსების პროგრამაში. პროექტის გრანტი მხოლოდ თებერვლის ბოლომდეა გათვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს ამ საჭიროებას და საკითხს დადებითად გადაწყვეტს. ვგეგმავთ, გავხდეთ რეგიონალური ჰაბი მხარეში.
ცენტრში საოცარ ბავშვებთან, კვალიფიციური და ბავშვებზე უსაზღვროდ შეყვარებული პერსონალი, მხიარულობდა და მათთან ერთად ამტკიცებდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან და ჩვენ ქრომოსომებს სულაც არ ვითვლით…
მარინე სვანიძე