“ვუდ ჰაუსი”- მერი მოსაშვილის 10 დღეში აშენებული “ოცნება” (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)

„ეს ყველაფერი არაა“ – მართლაც რომ ზუსტი შეფასებაა იმ ადგილის, სადაც „ რეგიონულმა კვირამ“ ამ წარწერის ავტორს მიაგნო. ახალგაზრდა ხელოვანის საცხოვრებელი ქალაქ სიღნაღში ერთადერთი კოტეჯია, რომლის ეზოც ცისარტყელას ფერებით იქცევს ყურადღებას. სახლის დანახვისთანავე თვალში მოგხვდებათ ხეებზე ფერად-ფერადი გაფორმებები, სხვადასხვა სახის მოსასვენებელი თუ უცნაური ნივთი, რომელთაც საკუთარი ისტორია აქვთ.
მერი მოსაშვილი, წარმოშობით კახეთიდანაა და პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამ სფეროში თავისი თავი ვერ იპოვა და გარემოებებიდან და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არქიტექტურის მიმართულებით სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა.

როდის მიხვდით, რომ არქიტექტურა თქვენთვის საინტერესო სფერო იყო?
– არქიტექტურამ დამაინტერესა მას შემდეგ, რაც თბილისში საკუთარი სახლი გავარემონტე ჩემი დიზაინით და ყველას ძალიან მოეწონა, რამდენიმე მეგობრის სახლიც ჩემი დიზაინით გავაკეთე და მას შემდეგ გადავწყვიტე რომ გრაფიკული დიზაინი შემესწავლა.
რატომ გადაწყვიტეთ თქვენი იდეის განხორციელება სიღნაღში და რატო მაინცდამაინც კოტეჯი? 
– ჩემი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა სიღნაღში და გაჩნდა იდეა, მათ დანატოვარ მიწაზე რაღაც გამეკეთებინა. რადგან ეზოში არსებული ორი შენობის მშენებლობა ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა, მე კი სახლის სწრაფად და მარტივად აშენება მინდოდა, დაიბადა იდეა, რაც შემდგომში განვახორციელე კიდეც – ეს იყო ხის სახლი – კოტეჯი.
შეიძლება ითქვას, რომ ეს კოტეჯი შენი ოცნების სახლია? 
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ – დიახ. სტილი ყოველ შემთხვევაში ეს არის. უბრალოდ ცოტა შეიძლება დიდი ყოფილიყო. ძირითადად ისეთი დეკორაციებია, რაც უკვე იყო აქ და შეიძლებოდა გამომეყენებინა, ასევე არ მინდოდა ძველ სტილში ყოფილიყო და შევქმენი რაღაც განსხვავებული. არ ვიცი ეს იდეები, ალბათ, თავისით ჩნდება, იმიტომ რომ მიზეზის თქმა არ შემიძლია.

მერი ამბობს,რომ ის ძველი შენობებიც ეძახიან, რომლებიც ამავე ეზოში ნანგრევების სახით დგანან. ხელოვანი ამ შენობების გაცოცხლებას და მასში ახალი სიცოცხლის გაღვიძებას ბავშვობის დროინდელი მოგონებებით აპირებს. 

– აუცილებლად ვაპირებ და ძალიან მინდა ეს შენობები ძველებურ სტილში გავაკეთო, ისე, როგორც ჩემი ბებია-ბაბუა მიყვებოდნენ თავის მშობლებზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. როცა ვუსმენდი, ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი. ბანზე გამოჰქონდათ 7-სიმიანი გიტარები და მღეროდნენ ქართულ მრავალხმიანობას, ჩაის საღამოებს მართავდნენ და მინდა, რაღაც დონეზე აღვადგინო, დავაბრუნო მოგონებები ამ ეზოში.
აპირებ თუ არა ამ საქმიანობის გაგრძელებას და გაქვს თუ არა კონკრეტული გეგმები?
– ძალიან მომწონს ეს საქმიანობა და მინდა, რომ არა მარტო სიღნაღში, არამედ ბედი მთელს საქართველოში ვცადო.
რატომ მიანიჭეთ უპირატესობა კოტეჯს? 
– დავიწყებ იმით,რომ არის ეკოლოგიურად სუფთა და არის ძალიან კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არ არსებობს კოტეჯში ნესტი, იმიტომ რომ სუნთქავს ხე. დამუშავებულია მასალა ჭიის საწინააღმდეგო ხსნარით და არის იმის შანსი, რომ 50-70 წელი გაძლოს, არც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაა მოკლე.
რამდენად იოლი განსახორციელებელია შექმნა საცხოვრებელი პირობები კოტეჯში და რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი აშენება? 
– კოტეჯი არის 70 კვ. განაშენიანების ფართი კი- 40 კვ. კოტეჯი 2 სართულიანია. კვადრატული 200-დან 250 დოლარამდე ჯდება, მე 230 დოლარი დამიჯდა. 16 000 დოლარი დამჭირდა კოტეჯის ასაშენებლად, რომელშიც არის ბუნებრივი აირიც და ცენტრალური გათბობაც.
მიუხედავად იმისა, რომ მერი მოსაშვილი კოტეჯს თავის ოცნების სახლად მოიხსენიებს, მის ტურისტული კუთხით გამოყენებასაც აპირებს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ და ოცნებები აისრულოთ?
– პირველ რიგში სურვილი. თუ ძალიან დიდი სურვილი აქვს ადამიანს გამორიცხულია, რომ რაღაც ვერ გააკეთოს. იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხნის წინ ეს იდეა ძალიან ბრტყელ ფრაზად და სიტყვებად მომჩვენებოდა, მაგრამ გამოვიდა. ყველაზე ნაკლები თანხა აქ არის ჩადებული და დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ მონდომებაა. რომ ამბობენ, მთელი სამყარო გეხმარებაო, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – ამ პერიოდში ბევრი ადამიანი დამეხმარა, თვითონ გარემოებაც დამეხმარა, როგორც ჩანს სიტუაციებიც მოდის, რაღაც ძალიან რომ გინდა.
რა დაგანახათ ბოლო დროს განხორციელებულმა თქვენმა გეგმებმა?
– ის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს და რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას თავისი წილი ბედნიერება!

ეზოში შეხვდებით უამრავ ისეთ ნივთს, რაც ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ამავდროულად თანამედროვეობით გამოწვეულ კომფორტს გაგრძნობინებთ. მაგალითად, ხის კარებს, რომელიც დეკორაციაა და მასზე ძველი, მაგრამ შეკეთებული სანათი, ჟანგიანი ჩანგლები და შენობის ნანგრევებში ნაპოვნი ოვალური სარკეა მიმაგრებული. ფერად-ფერადი ლენტებით გაფორმებულ ეზოში საქანელასაც მოკრავთ თვალს, რომელიც მერიმ თავისი ხელებით კაკლის ხის ერთ დიდ ტოტზე დაკიდა და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს მერი მოსაშვილის კარ-მიდამოს. და მაინც, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ეზოში შესვლისას წარწერამ – „შენ ეგრე გგონია!”-  მიიქცია.

სალომე გრძელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები