ბათუმში 1659 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა
ეკა ბაკურიძის შვილი 3 წლის მაისში გახდა, თუმცა მცირეწლოვნის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება ეკასთვის დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს. რეგისტრაცია ქალაქში არსებულ სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაშიც სცადა, მაგრამ ადგილი ყველგან შევსებული იყო.
,,როგორც კი სამი წლის გახდა, ვცადე ჩემს უბანშივე არსებულ საბავშვო ბაღში დამერეგისტრირებინა, თუმცა ადგილები შევსებული იყო. ახლა ისღა დამრჩენია, დაველოდო, რომელიმე ჯგუფში ადგილი თუ გათავისუფლდა, რაც იშვიათდ ხდება. მუშაობის დაწყებას ვაპირებდი, თუმცა ჩემი სურვილის განხორციელება კიდევ რამდენიმე წლით უნდა გადავდო“,- გვიყვება ეკა ბაკურიძე
ეკას მსგავს მდგომარეობაში კიდევ მრავალი მშობელი აღმოჩნდა. მათი ნაწილი იძულებულია, შვილები კერძო სააღმზრდელო დაწესებულებაში მიიყვანონ, რომლის ფასმაც შარშანდელთან შედარებით, 50-100 ლარის ოდენობით მოიმატა. აღნიშნული პრობლემა მშობლებისთვის დისკომფორტს წარმოადგენს.
,,ჩემმა ბევრმა მეგობარმა ბავშვები კერძო საბავშვო დაწესებულებაში მიიყვანა, თუმცა საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ. მესმის, რომ ბათუმში ბევრი მოსახლეა, შესაბამისად, პატარების რაოდენობაც დიდია, მაგრამ ბაღების გაერთიანებამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიხედვითაც პრობლემა სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება“,-დასძინა ეკამ
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 34 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, ადგილის არარსებობის გამო, საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1659 ბავშვი დარჩა. 2019 წელს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება სრულად 2 577-მა ბავშვმა დაასრულა. შესაბამისად, ამდენივე მცირეწლოვანი მიიღო საბავშვო ბაღების გაერთიანებამ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მობილობისა და ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ.
,,ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღებიდან ვაკანტური ადგილების რაოდენობა მხოლოდ ორშია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია, სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არსებულ თავისუფალ ადგილებზე მცირეწლოვანის ჩარიცხვა შევთავაზოთ. ამისათვის მშობელმა ,,ბათუმის ბაღების გაერთიანებას“ განცხადებით უნდა მიმართოს. თავისთავად, ვერ მოხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, -ამბობს ,,ბათუმის ბაღების გაერთიანების“ დირექტორი მამუკა შამილიშვილი
ქალაქში ბაღებთან დაკავშირებული პრობლემა წლებია არსებობს. სწორედ ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე ბაღი აშენდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ არის.
,,იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონებიდან და სოფლიდან ქალაქში მიგრაციის დონე მაღალია, ბაღების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. 34-ე საჯარო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, ამ ეტაპზე კი კიდევ ერთი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაღი 245 აღსაზრდელზეა გათვლილი, დაწესებულება ევროპული სტანდარტების მქონე იქნება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სამომავლოდ, ბაღის მშენებლობა კიდევ დაიგეგმოს”, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.
რიგით 35-ე ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. ახალი სასწავლო სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება.