ლადო მგალობლიშვილი ბათუმში გამართულ აქციაზე: “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თუნდაც აქციების სახით

ბათუმში ენმ-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” საპროტესტო აქციას ,,ქართულ ოცნებაში” გამოეხმაურნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლადო მგალობლიშვილის თქმით, ხელისუფლებას ერთადერთ ეფექტურ კანდიდატად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია მიაჩნია.
​რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ მათ თავიანთი პოზიციის გამოხატვისა და დაფიქსირების სრული უფლება აქვთ.

“ჩვენმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთადერთ ეფექტურ კანდიდატად სწორედ გიორგი გახარია მიიჩნია. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თუნდაც აქციების სახით. ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის. წინ 2020 წლის არჩევნებია და სწორედ ამ დროს გადაწყვეტს ხალხი, ვის დაუჭიროს მხარი”, – თქვა მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილიდან, ბათუმში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გმირთა ხეივანში, ცხრა აპრილის მემორიალთან პლაკატებით შეიკრიბნენ. ოპოზიცია რუსულ ოკუპაციასა და გიორგი გახარიას კანდიდატურის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას აპროტესტებენ.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებიც შეუერთდნენ.
“ქართველი ერი ვერ შეეგუება ძალადობას, ამიტომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები ვთვლით, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა ქვეყნისთვის არის სამარცხვინო. ჩვენ დღეს ამ ადგილას სიმბოლურად შევიკრიბეთ, იმისათვის, რომ ქართველ ერს ვამცნოთ, 9 აპრილი უტოლდება, თითქმის, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს”, – ამბობს ენმ-ის წევრი – ირაკლი ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები