გიორგი ჩიტაია ხობისწყალში ნაპოვნ ვენერა მილოსელის “ტყუპისცალზე”: ქანდაკება თბილისშია და სპეციალისტები სწავლობენ

მდინარე ხობისწყლის პირას, სოფელ პატარა ფოთის მცხოვრებლებმა მზისადარ და გელა წულაიებმა ინერტული მასალის შეგროვების შემდეგ, სახლში დამუშავებისას, უცნობი ქალის ქანდაკება იპოვეს.
ხობისწყლის ქვიშაში, მათი ვარაუდით, მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის “ტყუპისცალი” აღმოაჩინეს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტი გიორგი ჩიტაია „კვირასთან“ ამბობს, რომ დაზუსტებით რაიმეს თქმა, ჯერჯერობით, შეუძლებელია, მანამ, სანამ ამას შესახებ, შესაბამის დასკვნას ექსპერტიზა არ დადებს.
“მოქალაქეებმა მზისადარ და გელა წულაიებმა გამოიჩინეს საოცარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, როდესაც საკუთარი აღმოჩენის შემდეგ, ადგილობრივი მერიის კულტურის თანამშრომელს ქალბატონ მარინა ჯღარკავას დაუკავშირდნენ და ჩემთან დაკავშირება ითხოვეს. რის შემდეგაც, აღნიშნული ქანდაკება შემდგომი კვლევისათვის ხობის მერიიის კულტურის სამსახურს გადასცეს. ჯერჯერობით, ვერაფრს ვამბობთ. ამ ეტაპზე ქანდაკება, რომელსაც ნამდვილად აქვს სიძველის იერი, გადაგზავნილია თბილისში და მიმდინარეობს შესწავლა სპეციალისტების მიერ“, –  ამბობს გიორგი ჩიტაია.
მისივე განმარტებით, საქართველო ოდითგანვე იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე უძველეს კულტურულ პროცესებში.
„რომც დადასტურდეს აღნიშნულის ავთენტურობა, ეს განსაკუთრებული სენსაცია არ იქნება, რადგან ვიმეორებ, საქართველოს კავშირები უძველეს ცივილიზაციასთნ აქამდეც არაერთხელ დამტკიცებულა და ახლა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ულამაზესი ქმნილების აღმოჩენით, ხობელებს ძალიან გაგვიმართლა“, – ამბობს ხობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები