რას პასუხობს ბათუმის მერია გრიშაშვილის ქუჩის მობინადრეებს, რომლებიც დაზიანებული სახურავის შეკეთებას ითხოვენ

ბათუმში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მობინადრეები ქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. კორპუსის სახურავი ძლიერი ქარის გამო რამდენიმე თვეა დაზიანებულია. მათი თქმით, გუშინ წვიმის გამო ელექტრო ენერგიის სადენებიც დაზიანდა და იქ ცხოვრება უკვე საფრთხის შემცველია.
“რამდენი თვეა მერიას დახმარებას ვთხოვთ, ყოველი გაწვიმებისას წყალი ჩამოდის, სადენებშიც შეაღწია და ტექნიკა გაგვინადგურა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხე ექმნება. იქნებ ვინმემ მოგვხედოს და პრობლემა მოაგვაროს. მერიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული და ზარალის ანაზღაურებას დაგვპირდნენ, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან”,- განაცხადა ერთ-ერთმა მობინადრემ, ნინო ფხაკაძემ.
როგორც “კვირას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, კორპუსის რეაბლიტაციისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნათია ზოსიძეს თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
“ტენდერში გამარჯვებული კომპანია გუშინ გამოვლინდა. სამუშაოებს შპს “უნივერსალი” შეასრულებს და ამისთვის დაახლოებით, 155 ათასი ლარია გამოყოფილი. სახურავის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება“,- განაცხადა ნათია ზოსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები