ბათუმში “კომაროვის” სკოლა აშენდება
ბათუმში “კომაროვის” სკოლის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
როგორც “კვირას” საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სკოლის მშენებლობისთვის, წინასწარი ვარაუდით, 14 მილიონამდე თანხაა საჭირო. თანხის 20% მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერება.
ტერიტორია, სადაც სკოლა უნდა აშენდეს, ჯამში, 97 383 კვ.მ-ია და ბათუმში სვიშევსკის ქუჩაზე მდებარეობს.
პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რომელიც ცალკეული გეგმარებითი ერთეულების განთავსებასა და მათ პარამეტრებს აზუსტებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებას. ამ ეტაპზე, მზად მხოლოდ სკოლის ესკიზია. მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.