მარნეულისა და დმანისის სკოლების ორი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპეციალურმა ჟიურიმ 10 საუკეთესო პრეტენდენტიდან ფინალურ ეტაპზე ხუთი კანდიდატურა შეარჩია. ხუთეულში შერჩეული პედაგოგებიდან ორი, გიორგი ჭაუჭიძე და თამარ ადამია ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში ასწავლიან. თამარ ადამია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26-ე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება.
“ორი წელი ვფიქრობდი მიმეღო თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობა, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა საგანმანათლებლო კუთხით, ბევრმა გამომცემლობამ მთხოვა მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში რადგან ბევრი წიგნის ავტორი ვარ, საკმაოდ სერიოზული კონკურსია, გადატვირთული გრაფიკი მაქვს, როდესაც პასუხები გამოცხადდა ბათუმში ვიყავი. წინა სასკოლო მზაობაა და ბევრ რეგიონში მიწევს სიარული. მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ საუკეთესო ხუთეულში ვიყავი. მე ეს მომენტი გამომრჩა რადგან გადატვირთულობის გამო, პასუხების გამოცხადების დღე აღარ მახსოვდა”, ამბობს “კვირასთან” საუბარში თამარ ადამია.
გიორგი ჭაუჭიძე ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელია. იგი ოც წელზე მეტია პედაგოგია და აქედან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს.
გიორგის ჭაუჭიძეს მიაჩნია, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემის ყევლაზე აქტუალური სფერო სწორედ არაქართულენოვანი სკოლებია.
“წელს კონკურსზე ორმა ჩემმა პატივსაცემმა ადამიანმა წარმადგინა, მეც მაინტერესებდა ეს პროექტი. კონკურსი იმ საქმის პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა , რასაც მე ვაკეთებ. რაც შეეხება ველოდი თუ არა ფინალში გასვლას, გარკვეულ წარმატებას ველოდი და თან არც, რადგან კონკურსში მონაწილეობას საკმაოდ ძლიერი პედაგოგები იღებენ”,- აღნიშნავს ჭაუჭიძე.
2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება.