ყვარელში მევენახეების აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა
ყვარელში დღის პირველ ნახევარში გამართული აქცია, მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. მოლაპარაკება ცალკეულ საკითხებზე კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა.
შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყურძენზე ფასის გაზრდის საკითხს ცენტრალურ დონეზე დააყენებს, თუმცა ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ “მთავრობა ფასების რეგულაციებში ვერ და არ ჩაერევა”.
რაც შეეხება ქარხნების გახსნას და შესაძლო რიგებს, ამ თემებზე მევენახეებმა მიიღეს დაპირება, რომ ქარხნების გახსნაზე და შესაძლო რიგებზე პრობლემა არ შეექმნებათ, რისთვისაც “რთველი 2019”-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათაინი რეჟიმით მუშაობს.
ცნობისთვის, კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. სოფელ გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებისგან შუამდგომლობას ითხოვდა.