ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ბათუმიდან,  რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაია მენაბდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა პედაგოგს მისმა მოსწავლეებმა და კოლეგებმა გადააწყვეტინეს. მას უკვე ექვსი წელია მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი აქვს, სადაც მონოლოგების კონკურსი ტარდება და მასში სხვა სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობენ.

“როდესაც კონკურსი გამოცხადდა, არც კი მიფიქრია მონაწილეობის მიღება, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. კოლეგების, მოსწავლეების ხშირმა შეკითხვებმა, მონაწილეობას რატომ არ ვიღებდი, საბოლოოდ გადამაწყვეტინა და შედეგმა ძალიან გამახარა. საუკეთესო მასწავლებელთა შორის ხუთეულში მოხვედრა   ჩემთვის უკვე გამარჯვებაა, თუმცა ის ყველა პედაგოგი, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობდა, ღირსეული და სანიმუშოა“, – ამბობს მაია მენაბდე.

პედაგოგის თქმით, ახალგაზრდებს პიროვნული განვითარებისთვის თანამედროვე და მრავალფეროვანი სწავლა სჭირდებათ. მაია მენაბდე სწორედ აღნიშნულით ხელმძღვანელობს და ცდილობს, თავის მოსწავლეებს სწავლის პროცესი შეაყვაროს და ახალი ინფორმაცია ინოვაციური მეთოდით მიაწოდოს.

“ვცდილობ მოსწავლეებისთვის გაკვეთილის მსვლელობა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს. ყოველთვის მინდა, საჭირო ინფორმაცია მათ რაღაც ახალი, თანამედროვე მეთოდით მივაწოდო. აუცილებელია, ახალგაზრდა დააინტერესო კულტურით, ხელოვნებით, ეს მას პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება. სოციალური ქსელების გააქტიურებამ და სხვადასხვა გარემო ფაქტორებმა ჩვენი აგრესიულობა გამოააშკარავა. ბავშვებიც გახდნენ ამის მსხვერპლნი. ვცდილობ, ფსიქოლოგიური თამაშებით გამოსავალი მოვძებნო. ყურადღებას ვაქცევ, რომ ბავშვებმა ისწავლონ თვითშეფასება და ეს სწორედ საკუთარ თავზე დაკვირვებით მოდის“, – განმარტავს პედაგოგი.

ცნობისთვის, წელს მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში სულ 127  პედაგოგი ჩაერთო. თავდაპირველად, საუკეთესო ათეული სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და აჭარის რეგიონიდან მაიას გარდა ათეულში კიდევ 2 პედაგოგი მოხვდა, ხუთეულში კი მხოლოდ მაია მენაბდე გადავიდა. პროექტის გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება და ჯილდო ფულადი პრიზის სახით გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები