ყვარელში ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. სოფელ გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებისგან შუამდგომლობას ითხოვდა.
მევენახეების თქმით, ვენახს მოვლა სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მოსავლიდან აღებული შემოსავალი ძალიან ცოტაა ყურძნის მოვლისთვის.
“ვენახებს მუშა, საწვავი და შხამქიმიკატები სჭირდება ჩვენ კი ჩაბარებისას ისევ 70 თეთრს გვაძლევენ. ექსპორტი გაიზარდა და ვფიქრობდი, რომ წელს უკეთესი ფასი იქნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ჩვენ ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ და შესაბამისად ამას ვერ შევეგუებით. ხელისუფლებას ვთხოვთ გვიშუამდგომლოს კერძო კომპანიებთან, რათა ფასი დარეგულირდეს და გადაგვიხადონ იმდენი, რომ ჩვენი შრომა დაფასებული გახდეს და ვენახს მოვუაროთ”,- განაცხადა მევენახე, თენგიზ დათუნაშვილმა.
მევენახეებს ადგილობრივი ხელისუფლების და მათ შორის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელიც შეხვდა, სადაც გადაწყდა რომ საკითხს ახალსოფლის საზოგადოებრივ ცენტრში მოლაპარაკების მაგიდასთან, კონსტრუქციული რეჟიმით დღესვე განიხილავენ.
ცნობისათვის: 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენი 70 თეთრი ღირს, ზოგ შემთხვევაში კი 75 თეთრია. რაც შეეხება 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს, მისი ღირებულება 1,50 ლარიდან 2,20 ლარამდე მერყეობს.

