ვინ არის პედაგოგი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი უკვე დასახელდა. შერჩეულ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია კურტანიძეა, რომელიც საზოგადოებისთვის სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა წარადგინა.
„დღეს პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტი ნათია კურტანიძე. ნათია დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში. მიუხედავად რთული პირობებისა, იგი 20 წელზე მეტია თავდაუზოგავად ასწავლის. მისი მოსწავლეების წარმატებებიც არ აყოვნებს. ჩემი გულითადი მილოცვა ნათიას და საქართველოში ყველა მასწავლებელს,“ – ამბობს ელიზაბეთ რუდი.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, ფინალური დაჯილდოების ცერემონია კი 5 ოქტომბერს ჩატარდება.
„ამ წუთშიც არ მაქვს გათვითცნობიერებული ის სიხარული, რაც დღეს ამ ამბის გაგების დროს მივიღე. კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა საკუთარი თავის რწმენა მაინც მქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ 10-ვე პედაგოგი თავისი მიღწევებით, პედაგოგიური გამოცდილებით ძალიან ღირსეული იყო. 1999 წლიდან ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი ვარ. 20წლის განმავლობაში უდიდედესი ენერგია დავხარჯე, რათა ამ შედეგამდე მივსულიყავი”, – ამბობს “კვიასთან” საუბრისას ნათია კურტანიძე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.