“მე შევძლებ იმას, რომ ნაკლებად მოთხოვნადი სფერო მომავალი თაობისთვის საინტერესო გავხადო”- თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის
გოგონა, აჭარის მაღალმთიანიდან ბიოქიმიის პროფესიას ინგლისურ ენაზე სან დიეგოს უნივერსიტეტში დაეუფლება. მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა. თამთა თავართქილაძისთვის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად ახლლგაზრდას შრომისუნარიანობისა, სრული გრანტის მოპოვება დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვისაც.
“გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ველოდი, თუმცა გრანტის აღებაზე არც კი მიფიქრია. სულ რაღაც ერთი წელი ვემზადებოდი საგნებში. განსაკუთრებით ტექნიკური საგნები მიყვარდა და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებაც ამიტომ ვარჩიე’’,- ამბობს თამთა.
თამთა ხულოში ცხოვრობს, ამბობს, რომ სკოლაში სადაც სწავლობდა კარგი ლაბორატორიაა, თუმცა ცდების ჩატარება სპეციალური ნივთიერებების დეფიციტის გამო ვერ ხერხდებოდა. მიიჩნევს, რომ სკოლებში თუ არსებული პრობლემა მოგვარდება მეტი მოსწავლე დაინტერესდება ისეთი საგნებით, რომლებიც დღესდღეობით არაპოპულარულია. ქიმიური ფერადოვანი ცდები ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეებში და საგნის პედაგოგებსაც მეტი მოტივაცია ექნებათ ახალი მეთოდები დანერგონ.
,,ბიოქიმიის სპეციალობა იმის გამო ავირჩიე, რომ ნაკლებად პოპულარულია, სინამდვილეში კი ბევრად საინტერესო და პროდუქტიულია. გული მწყდება, რომ საგნით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება არ ეძლევათ თავიანთი ნიჭი განავითარონ. იმედია მომავალში პრობლემა გამოსწორდება და საქართველოში განსხვავებული სპეციალობის მქონე სტუდენტები გვეყოლება“,- აღნიშნავს ის.
თამთა თავართქილაძე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რეგიონში დაბრუნებასა და ადგილობრივებისთვის თავისი ცოდნის გაზიარებას აპირებს. ფიქრობს, რომ ფეხს აუწყობს სფეროში არსებულ სიახლეებსა და ძალ-ღონეს არ დაიშურებს ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია, პოულარული გახდეს.
,,არა აქვს მნიშვნელობა რას ირჩევ, მთავარია აირჩიო ის, რაშიც დიდ ინტერესს ხედავ. შემდეგ კი უნდა გააკეთო ყველაფერი, შენი საყვარელი საქმე პერსპექტიული გახდეს“- ამბობს თამთა.