ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები იმართება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად ყინჩაურის, კვატიის, ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და ბაკოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტულ საკითხებს გაეცნენ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის მიწოდება დაასახელა, რაზეც ხელმძღვანელმა პირებმა დახმარება აღუთქვეს.
“ამ ფორმატის მთავარ მიზანია თქვენი აზრის მოსმენა, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას, მაქსიმალურად სწორად იქნეს გათვალისწინებული საჭიროებები,” – აღნიშნა ადგილობრივებთან მიმართვისას ვახტანგ ბერიძემ.
ხულოს მერის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოსახლეობასთან ყოველ ოთხშაბათს იმართება. მომავალი შეხვედრა დიოკნისისა და რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგება.