“ადამიანი ნებისმიერ პროფესიას შეისწავლის ხელოვნების გარდა” – ახალგაზრდა ხელოვანი გურჯაანიდან, რომელიც გობელენით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის
“ადამიანი ნებისმიერ პროფესიას შეისწავლის ხელოვნების გარდა” ამბობს ხათუნა ბაბუხაძე და კლიმტის ერთ-ერთ ტილოს გობელენში აცოცხლებს. ძაფებს თვითონ ყიდულობს და სასურველ ფერებშიც თვითონ ღებავს. ამბობს, რომ ბავშვობიდანვე ოცნებობდა, რომელიმე ნახატის ცნობილი ავტორი გამხდარიყო, თუმცა ეს ნატვრა შორეულ ბავშვობაში წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.
-როდის გადაწყვიტეთ ხატვა შეგესწავლათ?
-ერთ დღესაც დედას ვუთხარი, რომ თბილისში ჩავსულიყავით, რუსთაველის გამზირზე მივდიოდი და მახსოვს როგორ აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიის ფოიეში, სისხლის ყივილი ვიგრძენი, ამ დროს ხატვა საერთოდ არ ვიცოდი, მაშინ დედას მივუბრუნდი და ვუთხარი-ან მხატვარი გავალ აქედან, ან ცოცხალი ვეღარ-თქო.
-რატომ აირჩიეთ მხატვრული და დეკორატიული ქსოვილების დიზაინი?
-საერთოდ არ ვიცოდი რა იყო გობელენი ან ფარდაგი, ხალიჩა კი მქონდა ნანახი. თვითონ პედაგოგებმა გადამანაწილეს და მირჩიეს, რომ წავსულიყავი ქსოვილების ფაკულტეტზე. 18 წლისამ პირველად ვნახე ძაფი რომ იჭიმებოდა ჩარჩოზე და წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა.
-გიფიქრიათ რომ თქვენი ნამუშევრები ასეთ წარმატებას მოგიტანდათ?
-არ მქონია თავისუფალი დრო, სულ ვმუშაობდი. აი ამ მუშაობაში ჩამოვყალიბდი როგორც მხატვარი, როგორც პროფესიონალი. მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი ნამუშევარი რაღაც თანხა ეღირებოდა. ეს მერე გავიგე. პირველად ფესტივალზე “არტ-გენი” მივიღე მონაწილეობა და იქ აღმოჩნდა, რომ მე მქონდა ძალიან ძვირფასი და შეუფასებელი ნამუშევრები.
ხათუნა ბაბუხაძე, რომლის ინიციალებიც მის ყველა ნამუშევარზე შეიმჩნევა, მრავალი ნახატის, ფარდაგის, ხალიჩის, გობელენის და აქსესუარის მფლობელია. გამოჩენილი მხატვრებიდან განსაკუთრებით სალვადორ დალი უყვარს. მისი თქმით, ამ დიდებული მხატვრის ნამუშევრებში ის საკუთარ თავს პოულობს. ხელოვანი “კვირას” უმხელს, რომ თანხის გამო არ უმუშავია და მისთვის ხარისხი და დამკვეთის ინტერესებია მთავარი.
“თანხას არ ვუკვირდები რას მიხდიან ამა თუ იმ ნამუშევარში იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერც ერთი კლიენტი ვერ გადაიხდის იმ ნახატის რეალურ თანხას, რაც რეალურად ღირს. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდები ნამუშევრის ხარისხს”,- ამბობს ის.
-საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?
-ნამუშევარს ვუყურებ არა ჩემი თვალით, როგორც მხატვრის, არამედ კრიტიკოსის თვალით. არ მინდა რაიმე დეტალი გაიპაროს, ან გაფუჭდეს და ა.შ. არ ვიცი სად, რომელ ქვეყანაში წავა ჩემი ნამუშევარი და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს.
ახალგაზრდა მხატვარი ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მისი პროფესიაა, მისი არჩევანი-გამხადრიყო მხატვარი! ხათუნა ბაბუხაძის თქმით, ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა,ამ დროს კი შეუძლებელი არაფერია.
ხათუნას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენა-ფესტივალებზე,როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ…
“მაისში მიწვევა მქონდა იტალიაში გამოფენაზე მაგრამ ვერ წავედი. ახლაც შემოდგომაზე ბოსტონში მიმიწვიეს ერთ კვირიან გამოფენაზე და იქაც აღარ დავინტერესდი, რადგან ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული”,- ჰყვება ხათუნა ბაბუხაძე.
მხატვარი ამბობს, რომ მის შემოქმედებით ხედვაში ძმის დაკარგვამ დიდი გავლენა იქონია და ნამუშევრებშიც ეს ტკივილი ნათლად ჩანს,ხათუნას თქმით ამ ტრაგედიიდან ის სწორედ ხატვამ გამოიყვანა.
ხათუნა ბაბუხაძის ერთ-ერთი ნამუშევარი შესულია ქართველი გამოჩენილი მხატვრების კატალოგის წიგნშიც. მისი წარმატების საიდუმლო კი,როგორც თვითონ ამბობს,მის სიჯიუტეშია,მიაღწიოს მიზანს და იმ მწვერვალს,რომელიც მისი სახლის აივნიდან კავკასიონზე ჩანს.
სალომე გრძელიშვილი