“გვაქვს პირობები, რომ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი ვაწარმოოთ” – მეწარმე სოფელ დიხაშხოდან, რომელმაც რეგიონში დარჩენა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა გადაწყვიტა
მინდია ქავთარაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მკვიდრია. ქავთარაძემ წლების წინ გადაწვიტა, რომ მშობლიურ მხარეში დარჩენილიყო და ადგილობრივი წარმოებისთვის მიეყო ხელი.
საკუთარი ისტორია მან “კვირას” უამბო.
მეფუტკრეობა 12 წლის წინ დაიწყო, რათა ოჯახისთვის შემოსავალი ჰქონოდა. მანამდე სპორტით იყო დაკავებული, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, დადგა დრო, როცა რაღაც უნდა შეეცვალა, გაიარა ტრენინგ-სწავლება, შეიძინა ოთხი ოჯახი ფუტკარი და ეტაპობრივად სწავლასთან და შრომასთან ერთად შეძლო წარმოება გაეფართოებინა. თაფლი “საჩინოს” გარდა, მინდია ქავათარაძე სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების მოყვანითაც არის დაკავებული. მოჰყავს კენკროვანი კულტურები, აქვს ქარსაფარი ზოლის სანერგე მეურნეობა. საკუთარი ძალებით დაწყებული ბიზნესი შემდეგ სხვადასხვა პროექტების “აწარმოე საქართველოს”, “ემპარდისა ” და აგროწარმოების დაფინანსებებით გააფართოვა.
-რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის საკუთარ სოფელში საქმიანობის დაწყება?
-ბოლო ოცი წელი საუკეთესო პერიოდია აგრო მიმართულების განვითარებისთის, თუ ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს შევხედავთ, ძალიან მცირეა ჩვენი ნაწარმი პროდუქცია, ადგილობრივი წარმოების განვითარების რესურსები არსებობს, არის სხვადასხვა პროგრამები, შეიძლება ახალგზარდას ფული არ ჰქონდეს და აგროსესხით ისარგებლოს, ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ბუნებრივი პირობები. გვაქვს პირობები, რომ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი ვაწარმოოთ. ავირიდოთ თავიდან უცხოეთში გადახვეწა და იქ თავის დამკვიდრებაზე ფიქრი.
-რა რაოდენობის ფუტკარი გყავთ და რა ოდენობის თაფლს აწარმოებთ?
-დღეის მდგომარეობით თითქმის ორიათას ოჯახამდე ავედი და წელს ოცდაათ ტონამდე თაფლი გვაქვს.
-ბაზარზე თუ არსებობს პრობლემები, პროდუქციიის გასაღების თვალსაზრისით?
-ბაზარზე პრობლემები არსებობს, ზოგადად დარგში არსებობს პრობლემები. თაფლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვიდგას, რადგან ბოლო ხუთი წელია ანტიბიოტიკებზე უარი ვთქვი და ვცდილობ და ვასრულებ კიდევაც, რომ ისეთი თაფლი მქონდეს, როგორის მოთხოვნაც ბაზარზე არის. სახელმწიფოს მეშვეობით, გორში აშენდა დიდი საწარმო, რომელიც გადაეცემა კოოპერატივებს და დაწმუნებული ვარ, ამ ყველა პრობლემას, ხარისხისა და სტანდარტის პრობლემას მოაგვარებს. ჩვენი თაფლით ძალიან ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, საქართველოში თაფლოვანი კულტურების მრავაფეროვნებაა, გვაქვს პოცენტიალი მსოფლიო ბაზარზე ის ნიშა დავიკავოთ, რასაც მაღალი ხარისხის პროდუქცია ჰქვია.
მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და მოტივირებულ, მიზანდასახულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის სარგებლის მოტანა.
“12 წელია ამ საქმეში ვარ და ვშრომობ. ჩემი დილა 5 საათიდან იწყება. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი შრომით ოჯახს ვკვებავ, გასაქცევად ჩვენ საქმე არსად არ გვაქვს, ყველა ქართველს შეუძლია დასაქმდეს საქართველოში”,- ამბობს მინდია ქავთარაძე.