აჭარაში 18-25 წლამდე მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს ყოველთვიური შემწეობა დაენიშნებათ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლიდან, 18 წელს ზემოთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ყოველთვიური შემწეობა დაენიშნებათ.
უფრო კონკრეტულად, ახალ პროგრამაში ბენეფიციარებად ის პირები შეირჩევიან, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ შეძლებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას.
პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში, სამინისტრო უკვე სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18- დან-25 წლამდე უზრუნველყოფს და ყოველთვიურად, დაახლოებით, 465 ლარს გადაუხდის.
მოქმედი რეგულაციით, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფო მინდობით აღზრდაში მყოფ პირზე მზრუნველობას წყვეტს. გამონაკლისია ის აღსაზრდელი, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოსწავლეა, პროფესიულ განათლებას იღებს ან უნივერსიტეტის სტუდენტია. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია მინდობით აღზრდაში მყოფ ოჯახში 21 წლამდე დარჩეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ, მზრუნველობამოკლებული ბავშვების უმრავლესობა, მიმღები ოჯახის დატოვების შემდეგ ეკონომიკურ პრობლემებს აწყდება და საცხოვრებელი ფართის და სამსახურის გარეშე რჩება.
“სოციალური მუშაკები, რომლებიც ამ ბავშვებში ძალიან დიდ შრომას დებენ, მათთანაც გვქონდა ამ თემაზე საუბარი. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივად გადაწყდა ამ პროგრამის ამუშავების საკითხი. ეს თანხა, დღეში 15 ლარის ოდენობით, ჩაერიცხებათ მათ პირად ანგარიშზე. რაც შეეხება ოჯახების დატოვებას, ამაზეც სოციალური მუშაკები იმუშავებენ. თუ ოჯახი და ბავშვი გამოთქვამენ სურვილს, რომ გააგრძელონ ერთად ცხოვრება, ოჯახში დარჩება. ან შეუძლია მარტო გავიდეს ან სხვებთან შეამხანაგდეს. ბენეფიციარები მუდმივ კავშირში იქნებიან სოციალურ მუშაკებთან,” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ინდირა ნაკაიძე.
ამ პროექტის დაფინანსების შემთვევაში, დახმარება მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისთვის სოციალური სააგენტოს მიერ შედგენილი სიისა და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე გაიცემა.
ამ მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული იქნებიან აჭარაში.
მომდევნო წლიდან, სამინისტროს ახალ პროგრამაში 10 ბენეფიციარი ჩაერთვება. სოციალური სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს აჭარაში მინდობით აღზრდაში მყოფი სწორედ ამდენი პირი ხდება სრულწლოვანი და სახელმწიფო პროგრამას ეთიშება.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 54 900 ლარია.