მესტიაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ
მესტიის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ლეხზირის მიმდებარე ტერიტორიიდან – იაპონიას დაარქმევენ. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მესტიის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.
მისივე განმარტებით, ინიციატივა იაპონიის საელჩოს ეკუთვნის და უკვე სამ წელზე მეტია შესაბამისი გეგმაც არსებობს, თუ როგორ განხორციელდება პროცედურულად.
„იაპონიის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხზე სამ წელზე მეტია მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს “იაპონია” დაერქვას. აღნიშნული ინიციატივა ჩვენი ქვეყნების ურთიერთმეგობრობაზე მიუთითებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იაპონია იყო სწორედ პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენთან იმავე წლის აგვისტოში დიპლომატიური კავშირი დაამყარა და საელჩო გახსნა. ასევე, მათ ამ ხნის განმავლობაში 150-ზე მეტი პროექტი აქვთ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და ვფიქრობთ, რომ ასევე ტურიზმის პოტენციალის გაზრდას ამ გზით შევუწყობთ ხელს“, – განმარტა მესტიის მერმა.