საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტრარდება
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს. წლევანდელი ფესტივალი წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ სტეფანე ბირიუკოვის ოსტატობის გაკვეთილზე შექმნილი ანიმაციური ფილმის ჩვენებით გაიხსნა.
საერთაშორისო ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ანიმაციური ფესტივალების, კომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ნამუშევრები. ნიქოზის ფესტივალის წლევანდელი სტუმარია ასევე დრეზდენის ცნობილი საერთაშორისო ფესტივალი და ფილმები გერმანიიდან.
ფესტივალი ტრადიციულად ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეახსენა შეკრებილ საზოგადოებას ანიმაციური ფესტივალის მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთმა ნიქოზელმა მანდილოსანმა მაშინ, როდესაც თანასოფლელები სახლებს ტოვებდნენ, თქვა: – თუ სოფელში ერთი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, ის სოფელი რა სოფელიაო და, რაღა სხვა იყოს, ეს ერთი ადამიანი მე ვიქნებიო!.. მის სარდაფთან, რომელსაც იგი თავს აფარებდა, საჰაერო დაბომბვის დროს ჩამოვარდნილმა ჭურვმა მოზრდილი თხრილი წარმოშვა, საიდანაც ისე, რომ არავის დაუთესავს, აღმოცენდა სიმინდის ღერო და ნაყოფიც გამოიღო…
მსგავსად ამისა, ნიქოზში არსებული ანიმაციური ფილმების მცირე სტუდია ამ ომის დროს განადგურდა, მაგრამ მის ადგილზე აღმოცენდა “ნიქოზის ხელოვნების სკოლა” და “ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წელს მერვედ იმართება ნიქოზში“, – განაცხადა მეუფე იასაიამ.
ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი კონფლიქტის ზონაში მოღვაწე მხატვარ გელა კანდელაკისა და მეუფე ისაიას ინიციატივით 2011 წელს დაარსდა. ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის გახსნა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„უკვე მე-9 წელია, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. წელს უკვე მეორედ მომეცა შესაძლებლობა გახსნის ღონისძიებას დავსწრებოდი. მეუფე ისაიას, ფესტივალის ორგანიზატორების, ნიქოზელი ახალგაზრდების, ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების დამსახურებით, ფესტივალი ნამდვილად ემოციების, შთაბეჭდილებებისა და დადებითი ენერგიის მატარებელია.
სიმბოლურია, რომ ომის ნაკვალევზე დაბადებული ფესტივალი ადამიანებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის მაშენებელია. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი, ეს არის მომავლის იმედი, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ და წლიდან წლამდე შესანიშნავ ანიმაციებს ქმნიან“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა
ფესტივალი „ნიქოზი“ პირველ სექტემბერს ეპისკოპოსის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.