წყლით ინტოქსიკაცია ზუგდიდში – ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მცირეწლოვანია
ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე სასმელი წყლით ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა, რის შედეგადაც ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა.
მოწამლულთა შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელიც ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი დაზარალებულები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსები ადასტურებენ, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია.
“ჩვენთან შემოიყვანეს ათამდე ადამიანი, გულის რევის, ფაღარათის, ცხელებისა და ზოგადი სისუსტის სიმპტომებით. ამ დროისთვის 4 მათგანი უკვე გაწერილია და საავადმყოფოში მკურნალობას 6 პაციენტი განაგრძობს. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები.